Saturday, March 9, 2013


-ა-


აბერაცია- 1. ქრომოსომების სტრუქტურული დარღვევები, გარდაქმნები. ზოგჯერ აბერაციას უწოდებენ ქრომოსომების რაოდენობრივ ცვლილებებსაც. 2. ოფთალმოლოგიაში: ბადურაზე გამოსახულების ცთომილება თვალის ოპტიკური სისტემის არასრულფასოვნების გამო.



აბზიმები- ფერმენტი-ანტისხეულებია, ხელოვნური გზით მიღებული იმუნოგლობულინები, რომელთაც გააჩნიათ ანტისხეულების სპეციფიკურობა ანტიგენის თვისებების მქონე ბიოლოგიური რეაქციის რომელიმე შუალედური პროდუქტის მიმართ.



აბიოზი- ბერძნ. а უარყ. თავს., bios სიცოცხლე) – ორგანიზმის რომელიმე სისტემის ან ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება.




აბიოტური ფაქტორები- (ბერძნ. а უარყ. თავს., bios სიცოცხლე, ლათ. factor მწარმოებელი, მკეთებელი) – არაორგანული ბუნების ფაქტორების (ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და სხვ.) ერთობლიობა, რაც გარკვეულ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში.



აბსორბცია- (ლათ. absorbeo ვშთანთქავ, შევიწოვ) – 1. ნივთიერების ან აირის შთანთქმა სითხის ან მყარი სხეულის მიერ. მაგ., ანტისხეულების ან ანტიგენების გამოყოფა ნარევისაგან. 2. ლიმფასა და სისხლში სხვადასხვა ნივთიერებების გადასვლის პროცესი.




აგარი-  (მალ. agahr, aigahr ლაბა) – იგივე აგარაგარი. ზოგიერთი (ძოწეული, წაბლა) წყალმცენარისაგან მოპოვებული ლაბოვანი ნივთიერება. გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა სფეროში, მიკრობიოლოგიაში კი საკვები ნიადაგების დასამზადებლად.  





აგენეზია- (ბერძნ. a უარყ. თავს., genesis წარმოშობა) – რომელიმე ორგანოს მემკვიდრული უქონლობა. ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ჩანასახის განუვითარებლობასთან.



აგლუტინაცია- (ლათ. agglutinare შეწებება) – სისხლში შეწონილი ერითროციტების, ბაქტერიების გუნდებად შეწებება და დალექვა. ამ ტიპის რეაქციას იყენებენ სისხლის ჯგუფების დასადგენად, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სადიაგნოზოდ და სხვ.



აგონია- სიცოცხლის ბოლო, სიკვდილისწინა მდგომარეობა. შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთს ან საათს. ზოგ შემთხვევაში შექცევადი პროცესია.



აგორაფობია- გაშლილი სივრცის, მოედნის, ხალხმრავალი ადგილების შიში. ფსიქონევროზის ერთ-ერთი სახეა.



აგრანულოციტები- ლეიკოციტების ერთ-ერთი ჯგუფია, რომელთა წარმომადგენლებს ციტოპლაზმაში თითქმის არ გააჩნიათ გრანულები. აგრანულოციტებია: ლიმფოციტები, მონოციტები, პლაზმოციტები.



აგრაფია- წერის უნარის ნაწილობრივი მოშლა ან სრული დაკარგვა



აგრესია- (ლათ. aggressio შეტევა, თავდასხმა) – 1. სხვადასხვა ანტისხეულების და იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტიური ზემოქმედება სამიზნე-უჯრედებზე. 2. სიმსივნური უჯრედების აქტიური ზემოქმედება ჯანმრთელ ქსოვილზე.




აგრესინები- (ლათ. aggressio შეტევა, თავდასხმა) – ბაქტერიული წარმოშობის ნივთიერებანი (ცილები, პოლისაქარიდები). უკავშირდებიან სპეციფიკურ ანტისხეულებს, აფერხებენ ბაქტერიების ფაგოციტოზს, ააქტიურებენ ბაქტერიების მავნე მოქმედებას და ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვის უნარს.



აგრომანია- (ბერძნ. agros მინდორი, mania სიგიჟე) – მარტო ცხოვრების დაუოკებელი სურვილი ბუნების წიაღში.



ადამიანი- (Homo sapiens გონიერი ადამიანი) – მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასის, პრიმატების რიგის, ჰომინიდების ოჯახს. საზოგადოებრივი გონიერი არსებაა, ამზადებს შრომის იარაღებს, აქვს ცნობიერება და დანაწევრებული მეტყველება. ადამიანს განსაზღვრავდნენ მრავალგვარად: ეთიკური არსება (სოკრატე, პლატონი), საზოგადოებრივი ცხოველი (არისტოტელე), მანქანა (ლამეტრი) და სხვ.



ადაპტაცია- (ლათ. adapto შეგუება, მორგება) – ორგანიზმის ადეკვატური შეგუებითი მორფო-ფუნქციური რეაქცია; ორგანიზმების და მათი ორგანოების (მაგ., მხედველობის) გარემო პირობებთან შეგუების პროცესი.



ადაპტოგენები- (ლათ. adapto შეგუება, მორგება) – ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის სტიმულაციას და ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას. ადაპტოგენებს მიეკუთვნება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ქიმიური ნივთიერებები, აგრეთვე ხელოვნურად სინთეზირებული ან კონსტრუირებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.



ადაქტილია- (ბერძნ. a უარყ. თავს., daktylos თითი) – თანდაყოლილი ანომალია: თითების უქონლობა.



ადენოვირუსები- (ბერძნ. aden ჯირკვალი, ლათ. virus შხამი) – დნმ-ს შემცველი ვირუსებია. მათი ზომები 70-90ნმ-ს აღწევს. ბინადრობენ ადამიანის ნუშისებრ ჯირკვლებში. იწვევენ სასუნთქი გზების კატარს, კონიუნქტივიტს და სხვ. ექსპერიმენტულ ცხოველებში, კერძოდ, ზაზუნებში, იწვევენ ავთვისებიანი სიმსივნეების (სარკომების) განვითარებას.



ადენოზინდიფოსფატი- ადენინის, რიბოზის და ფოსფორის მჟავას ორი ნარჩენისაგან შემდგარი ნუკლეოტიდი, რომელიც წარმოქმნილია ატფ-ს კოდური ფოსფატური ჯგუფის გადატანის, მოწყვეტის შედეგად. მონაწილეობს უჯრედებში ენერგიის გადატანის რეაქციაში.



ადენოზინტრიფოსფატი- იგივე ატფ. ადენინის, რიბოზის და 3 ფოსფატის ჯგუფის შემცველი ორგანული ნივთიერება. მათი გახლეჩისას და ენერგიის დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებისას, ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფატად. ატფ ლოკალიზებულია მიტოქონდრიებში და სხვა უჯრედულ სტრუქტურებში. გამოიყენება უჯრედის სუნთქვისას, კუნთების შეკუმშვისას და მიტოზის პროცესში. იგი განაპირობებს ქრომოსომების გადაადგილებას და სხვა უჯრედშიდა პროცესებს. ენერგიის უნი ვერსალური წყაროა.



ადენოიდები-(ბერძნ. aden ჯირკვალი, eidos სახე) – ცხვირ-ხახის ლიმფური ჯირკვლებია. პათოლოგიურად ჰიპერლაზირებული ნუშისებრი ჯირკვალი იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, სმენის დაქვეითებას და სხვა სახის დარღვევებს.   





ადენოლოგია-(ბერძნ. aden ჯირკვალი, logos მოძღვრება) – მეცნიერება. რომელიც სწავლობს ჯირკვლებს და მათ პათოლოგიურ ცვლილებებს.



ადისონის ავადმყოფობა - ინგლისელი მეცნიერის თ. ადისონის გვარის მიხედვით, რომელმაც პირველად აღწერა ეს დაავადება 1855 წელს. ენდოკრინული ავადმყოფობაა. გამოიხატება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ქრონიკულ უკმარისობაში, რის გამოც საკმარისად არ გამომუშავდება კორტიკოსტეროიდები. ხასიათდება კანის და ლორწოვანი გარსების ჰიპერპიგმენტაციით, სიგამხდრით, არტერიული ჰიპოტენზიით, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევებით. მკურნალობენ კორტიზონით.



ადიპოზი-(ლათ. adeps ცხიმიანი, ქონიანი) – ქართულად: გაცხიმოვნება. ადამიანის ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში ჰორმონული რეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რეთვე გადაჭარბებული კვება.



ადრენალინი- (ლათ. ad თან, renalis თირკმლისა) – თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ჰორმონია. იღებენ მსხვილი რქოსანი საქონლის თირკმელზედა ჯირკვლიდან, აგრეთვე გენური ინჟინერიის მეშვეობით. გამოიყენება სამკურნალო მიზნით (გააჩნია კარდიოტონური, პრესორული, ჰიპერგლიკემიური მოქმედება და ა.შ.).




ადსორბცია- სითხის ან მყარი სხეულის ზედაპირული შრის მიერ აირიდან ან ხსნარიდან რაიმე ნივთიერების შთანთქმა.



ადჰეზია- (ლათ. adhaesio შეზრდა, შეწებება) – 1. მიკროორგანიზმების სამიზნე-უჯრედებთან შეწებება, კონტაქტი. 2. უჯრედების ერთმანეთთან და სხვადასხვა სხეულებთან შეწებება.



აერაცია- aeratio (ბერძნ. aer ჰაერი) – 1. მიკრობიოლოგიაში: საკვები ნიადაგის გამდიდრება სტერილური ჰაერით ან ჟანგბადით, რაც ხელს უწყობს ბიომასის გამოსავალის გაზრდას აერობული მიკროორგანიზმების კულტივირებისას თხევად საკვებ ნიადაგში. 2. დაწესებულებების ბუნებრივი ვენტილაცია.



აერობები- (ბერძნ. aer ჰაერი, bios სიცოცხლე) – მიკროორგანიზმები, რომელთა ზრდისა და გამრავლებისათვის აუცილებელია თავისუფალი ჟანგბადის არსებობა.



აერობიოზი- (ბერძნ. aer ჰაერი, bios სიცოცხლე) – სიცოცხლე გარემოში თავისუფალი ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში.



აეროზოლი- (ბერძნ. aer ჰაერი, sole კოლოიდური ხსნარი) – ჰაერში შეწონილი უმცირესი ნაწილაკები. მედიცინაში იყენებენ ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატების შესაყვანად ინჰალაციის საშუალებით, აგრეთვე სადეზინფექციოდ.



აეროფობია- (ბერძნ. aer ჰაერი, phobos შიში) – ცოფის (ჰიდროფობიის) ერთერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – ჰიპერმგრძნობიარობა ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი.




ავადმყოფობა- ორგანიზმის ცხოველქმედების, მისი ჰომეოსტაზის დარღვევა გარეგანი ან შინაგანი გამღიზიანებლების, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ფაქტორების გავლენით.




ავირულენტური- (ბერძნ. а უარყ. თავს., virulentus შხამიანი) – არაშხამიანი, ინდიფერენტული. აღნიშნულ ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ მიკროორგანიზმების შემთხვევაში.



ავიტამინოზი- (ბერძნ. а უარყ. თავს., ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის უკმარისობით ან არარსებობით. მაგ., A ავიტამინოზი, C ავიტამინოზი და ა.შ.



ავტოანტიგენები- (ბერძნ. autos თვით, anti წინააღმდეგ, genos გვარი, წარმოშობა) – ორგანიზმის საკუთარი ანტიგენები, რომლებიც თავიანთ ანტიგენურ თვისებებს ნორმაში არ ავლენენ, გარკვეულ პირობებში კი აუტოანტისხეულების წარმოქმნას იწვევენ.



ავტოლიზი- (ბერძნ. autos თვით, lysis დაშლა) – ქსოვილების, უჯრედების და მათი კომპონენტების თვითმონელება საკუთარი ფერმენტების მიერ




აზოტემია- (ფრანგ. azote აზოტი, haima სისხლი) – სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობის მომატება. ურემიის (იხ.) ძველი სახელწოდებაა.



აზოტობაქტერია- (ფრანგ. azote აზოტი, ბერძნ. bakterion ჩხირი) – აერობული, აზოტმაფიქსირებელი ბაქტერია. ფორმა ოვალურია, სპორებს არ წარმოქმნის, გრამ-უარყოფითია. გამოიმუშავებს ვიტამინებს, ე.წ. ზრდის ნივთიერებებს, ასევე ზოგიერთ ანტიბიოტიკს.




აზროვნება- ადამიანის შემეცნების უმაღლესი გამოვლინება. ახასიათებს რეალობის განზოგადებული და განყენებული აღქმა (ასახვა).




აზუროფილური გრანულები- (აზური – საღებავის დასახელებაა, philia სიყვარული, granulum მარცვალი) – გრანულოციტების პირველადი გრანულებია, რომლებიც იღებებიან აზურის საღებავით. მათში შედის სხვადასხვა ფერმენტი და ნივთიერება: პეროქსიდაზა, მჟავე ჰიდროლაზები, მჟავე მუკოსუბსტანცია, ფაგოციტინი, ლიზოციმი და კათიონური ცილები.



აივ-ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი  










ალცჰაიმერის ავადმყოფობა - ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომია ამნეზია. ამ დაავადების ეტიოლოგია აქამდე უცნობია. პირველად აღწერა გერმანელმა ა. ალცჰაიმერმა (1864-1915).